logo
ENG



მდინარაძის თქმით, მებრძოლების სამძიმარზე მისვლას, შესაძლოა, "წამახალისებელი ეფექტი" ჰქონოდა

01 აპრ 202217:27
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძის თქმით, მებრძოლების სამძიმარზე მისვლას, შესაძლოა, "წამახალისებელი ეფექტი" ჰქონოდა
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ იმ ფონზე, როცა მოხალისეებს არ გზავნიან, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამძიმარზე მისვლას, შესაძლოა, "წამახალისებელი ეფექტი" ჰქონოდა.

დღეს, პირველ აპრილს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალსიტის კითხვას იმის შესახებ, რატომ არ მივიდნენ ქართული ოცნების ლიდერები მებრძოლების პანაშვიდზე, მდინარაძემ ასე უპასუხა:

"როდესაც ქვეყანა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ა.შ აცხადებს, რომ წინააღმდეგია უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის, მაშინ უხერხული მომენტი ჩნდება, როგორ უნდა იქცეოდნენ ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები? რაიმე მოქმედება, თუნდაც გულწრფელი სამძიმარი აღიქმება თუ არა წახალისებად გარკვეული ქმედებების? 

ჩვენ არ და ვერ ვუშვებთ ბევრი პოლიტიკური ფაქტორის გამო მოხალისეებს. ამ დროს ჩვენ უნდა დავფიქსირდეთ თუ არა იქ, თუ უბრალოდ, შემოვიფარგლოთ იმით, რასაც ვაკეთებთ. 

ერთი მხრივ პროტოკოლური, მეორე მხრივ უხერხული საკითხია იმდენად, რამდენადაც ეს არის თუ არა წამახალისებელი ეფექტის მატარებელი, ამაზე დავა შეიძლება. 

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სამძიმარი გამოვუცხადოთ, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან, ხომ არ შეგვეკავებინა თავი. შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ ეს არის გულწრფელი პასუხი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ვთქვა".

უკრაინაში, ქალაქ ირპენისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული დავით გობეჯიშვილი თბილისში 31 მარტს, გამთენიისას ჩამოასვენეს. მომდევნო დღეს იგი ქაშუეთის ტაძარში იყო დასვენებული, სადაც მოქალაქეები მივიდნენ და დაღუპულს პატივი მიაგეს.

17 მარტს სწორედ ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. 20 მარტს კი მარიუპოლში მოკლეს ბახვა ჩიქობავა. 

ბერიაშვილი და რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს და 26 მარტს სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს. 

 

 


close დახურვა